English / ქართული / русский /
როზეტა ასათიანი
ეკონომიკური უსაფრთხოება და 'ჰოლანდიური დაავადება'

ანოტაცია. XX საუკუნის 90-იანი წლებში საქართველოში განხორციელებულმა მასშტაბურმა გარდაქმნებმა წინა პლანზე ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემა წამოსწია. ეკონომიკური სისტემის შეცვლასთან ერთად, გლობალიზაციის გაღრმავებამ და ღია ეკონომიკების განვითარებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა აღნიშნული პრობლემა.

ეკონომიკური უსაფრთხოება, როგორც ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი უდიდეს როლს ასრულებს ქვეყანაში დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის მიღწევა-განმტკიცებაში, ეკონომიკური წესრიგის დამყარებაში, აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ განვითარებაში. ამ პრობლემისადმი სახელმწიფო რეგულირების შესუსტებამ მრავალი ნეგატიური ტენდენცია წარმოქმნა საქართველოში, რომელთა ნეიტრაილზაციამ უდიდესი მატერიალური და ფინანსური სახსრები მოითხოვა, დააქვეითა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და საფრთხე შეუქმნა სახელმწიფოებრიობას.

ნაშრომში განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმები, ინდიკატორები, საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა, გაანალიზებულია მიმდინარე მწვავე პროცესები, რომლებიც, თავის მხრივ, მიუთითებენ ამ უაღრესად აქტუალური პრობლემის დაძლევის გარდუვალობაზე. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღებაეთმობა ''ჰოლანდიური დაავადების'' პრობლემის განხილვასა და მის უარყოფით შედეგებს საქართველოში.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური უსაფრთხოება, ''მანკიერიწრე'', ''ხაფანგისეფექტი'', ''ჰოლანდიურიდაავადება'', ''სიღარიბის კულტურის ჰიპოთეზა'', ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მულტიპლიკაციური ეფექტი, კრეატიული პოტენციალი, ვენჩურული კაპიტალი. 

* * *

ეკონომიკური უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ამიტომაცაა, რომ მას სათანადო ადგილი უჭირავს ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სისტემაში. მისი ლაიტმოტივია, ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების საფუძველზე, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დაცვა, საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისათვის ეპოქის შესაბამისი პირობების შექმნა და ა.შ.

ეკონომიკურ უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია საბაზრო მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნაში, ქვეყნის ეკონომიკის ადეკვატური სტრუქტურული პოლიტიკის გატარებაში, ბაზრის სუბიექტებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, ხელისუფლების მხარდაჭერით ბაზრის სტიქიური ძალების აღკვეთაში, ინვესტიციების მოცულობისა და საინვეს¬ტიციო პორტფელის დივერსიფიკაციაში, საინვესტიციო კლიმატის შექმნაში, საკუთრების პლურალიზმის დამკვიდრებაში, ქვეყნის წარმოებრივი, სოციალური და ინტელექტუალური პოტენცილის შენარჩუნება-განვითარებაში და ა.შ.

ეკონომიკური უსაფრთხოების განხორციელების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სოციალური ორიენტაციის უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ იგი სახელ-მწიფოს ეკონომიკური პრიორიტეტების განმსაზღვრელია და განიხილება მიკრო-, მაკრო-, მეზო- და მეგადონეზე. ეკონომიკური უსაფრთხოება უდიდეს გავლენას ახდენს თავდაცვით, ეკოლოგიურ, ინფორმაციულ, მეცნიერულ-ტექნოლოგიურ, სოციალურ, სასურსათო, დემოგრაფიულ, იდეოლოგიურ, ინვესტიციურ, საგარეო და ა.შ. უსაფრთხოებებზე და მათთან ერთად ქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითად სტრატეგიულ მიმართულებად აღიარებულია კონკურენციული ბაზრის შექმნა და დაცვა, რისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი კანონმდებლობის შემუშავებასა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარებას, ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების გამოყოფას, მათდამი სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, ეროვნული ვალუტის სიმყარის უზრუნველყოფას, საკუთრების დაცვასა და ა.შ.

დღეს ტექნოლოგიური ბუმი ტრაექტორიას უცვლის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, უდიდესი პოზიტივი შეაქვს მასში, რომლის არგათვალისწინება ჩამორჩენილობის დაუძლევლობას ნიშნავს და საეჭვოს ხდის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

დღეს ქვეყნები კონკურენტულ უპირატესობას ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით აღწევენ. ისინი აფუძნებენ ახალ სტრატეგიებს, ეუფლებიან წარმოების ეფექტიან მეთოდებს, ინვესტიციებს დებენ ცოდნის განახლებაში და ა.შ. ამიტომაცაა, რომ XXI საუკუნეში სტრუქტურული გარდაქმნების ბირთვს ინოვაციური ეკონომიკის განვითარება წარმოადგენსდღეს ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძველი მოძველებული ტექნოლოგიების ახლით შეცვლის უწყვეტი პროცესია, რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების განვითარებაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT). მათი განვითარება ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებაა. ეს პროცესი დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მატერიალური რესურსების, არამედ ინტე¬ლექტუალური კაპიტალის ხარისხზე და განაპირობებს ცოდნის ფენომენის წინა პლანზე წამოწევას. XXI საუკუნე ხომ ინოვაციური ეკონომიკის საუკუნეა!

ეკონომიკურ უსაფრთხოებას დიდი როლი აკისრია ეკონომიკის სიცოცხლის-უნარიანობის შენარჩუნებაში და აისახება ქვეყნის ცხოვრების დონეზე, გარემოს დაცვაზე[1], სამართალწესრიგზე, მეცნიერულ-ტექნოლოგიურ პოტენცია¬ლზე, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, უმუშევრობასა და ა.შ.

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის მახასიათებელია ეკონომიკურ თეორიაში საკმაოდ გავრცელებული ტერმინი ''მანკიერი წრე'' (“Viciois Ciroles”), რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და მდგომარეობს შემდეგში: ითვლება, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა, სადაც იწარმოება მხოლოდ არსებობისათვის აუცილებელი საშუალებები, არ ექვემდებარება გარდაქმნას, ვინაიდან დაბალია წარმოების მთლიანი მოცულობა და უმნიშვნელოა სარეზერვო მარაგები. აქედან გამომდინარე, მოხმარების შემდეგ არ არსებობს ნამეტი კაპიტალის დაგროვებისათვის, რომლის გარეშეც ნაკლებად შესაძლებელია წარ¬მოების გადიდება. ''მანკიერი წრის'' გასაღები კაპიტალის დაგროვებაა. თუ ქვეყანა შეძლებს თავი დააღწიოს ამ წრეს, მაშინ წარმოიქმნება საწინააღმდეგო პროცესი: როგორც კი დაიწყება კაპიტალის დაგროვება, იზრდება წარმოების მოცულობა, ხოლო შემდეგ იწყებს ზრდას შემოსავლებიც, რომლებიც ქმნის ნამეტს ინვესტირებისა და დაგროვებისათვის.

ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმების დადგენა შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე. ამ უკანასკნელში შედის ეკონომიკური საფრთხის რაოდენობრივი განსაზღვრა და მულტიპლიკაციური ეფექტის დადგენა.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება თუ ეროვნული და არა კომპრადორული ინტერესების მატარებელია, მაშინ მას უდიდესი როლი აკისრია ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. იგი მოიცავს რესურსული პოტენციალის, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის, სოციალური სტაბილურობის, სოციალური კონფლიქტების დაძლევის შესაძლებლობების, უცხოური ვალუტის შეუზღუდავი შემოდინებით გამოწვეული შედეგების შეფასებასა და ა.შ.

თანამედროვე საბაზრო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება - ახალ თვისებრივ ზრდაზე გადასვლა ეფუძნება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც იძლევა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის თვისებრივ დახასიათებას და აისახება კრებსით ინდექსში - სოციალურ ინდიკატორებში. მასში შედის: შრომის პირობები, განათ¬ლების განვითარების დონე, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის მდგომარეობა და ხელმისაწვდომობა, შრომისუნარიანი მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდა, ბავშვთა სიკვდილიანობა, კალორიის მოხმარება, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა, ენერგიის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე, სრული პირადი თავისუფლება, ინფლაციის საშუალი წლიური ნორმა და ა.შ.

სოციალური ინდიკატორები ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მახა¬სიათებლებია და გარკვეული თვალსაზრისით, უკავშირდება ''ხაფანგის ეფექტით'' (''Entrapment Effect'') ცნობილ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით შრომის ბაზარი იყოფა პირველად და მეორეულ ბაზრებად. პირველადი სექტორი ხასიათდება მაღალი ანაზღაურებით, ზრდის პერსპექტივებით, უსაფრთხოებითა და დამატებითი სარგებ¬ლობით, მაშინ როდესაც მეორეული სექტორისთვის ნიშანდობლივია ნაკლებანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, არასრული დასაქმება, არასტაბილური და, როგორც წესი, ნაკლებად მიმზიდველი სამუშაო. მეორეული სექტორიდან პირველად სექტორში გადასვლას აფერხებს არა იმდენად მუშაკთა კვალიფიკაციის დონეში განსხვავება, რამდენადაც ინსტიტუციური ბარიერები დისკრიმინაციის ფორმით.

ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ მეორეული შრომის ბაზრის პირობები წარმოადგენს მუშაკების მიერ ცუდი შრომის ჩვევების შეძენის მთავარ მიზეზს. ''ცუდი'' სამუშაოს მქონე მუშაკები ხდებიან `ცუდი~ მუშაკები. ეს მოვლენა უკუკავშირის დიდი სისტემის მხოლოდ ერთი ასპექტია. მასზე გავლენას ახდენს რიგი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებისა, მათ შორის, ოჯახური მდგომარეობაც. საბოლოო ანგარიშით, ყალიბდება ''ხაფანგის ეფექტი'', რომელიც გამომდინარეობს ''სიღარიბის კულტურის ჰიპოთეზიდან'' (“Culture of Poverty Hypothesis”)[2].  ამ შემთხვევაში სამთავრობო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს `კარგი~ სამუშაო ადგილების შექმნას კანონმდებლობით აკრძალული დისკრიმინაციის ნაცვლად, რაც დადებითად აისახება ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმებია: ქვეყანაში ეკონომიკის დამანგრეველი პროცესების, სტრუქტურული და ინსტიტუციური დეფორმაციების თავიდან აცილების შესაძლებლობა, ქვეყნის ბუნებრივ-რესურსული და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის გამოყენების დონე, მასშტაბი და ხარისხი, სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდა, ცხოვრების დონის ამაღლება და ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, დანაკარგებისა და რისკების მინიმიზაცია, კონკურენტუ¬ნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოების ზრდა, მოსალოდნელი კატასტროფული პროცესების არდაშვება, არაკვლავწარმოებადი ბუნებრივი რესურსების უპირატესი გამოყენებიდან კვლავწარმოებადი ბუნებრივი რესურსების უპირატეს გამოყენებაზე გადასვლის ტექნოლოგიური უზრუნველყოფა და სხვ.

''მესამე სამყაროს'' ქვეყნების სუსტი განვითარება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ამ ქვეყნებში არსებული რესურსების გამოუყენებლობის მაღალი დონით, იმ სტრუქტურული და ინსტიტუციური დეფორმაციებით, რომლებიც წარმოიშობა შიდა და გარე მიზეზების ერთობლივი ზემოქმედებით. ეს ჰიპოთეზა ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია ''სტრუქტურული გარდაქმნების თეორიის'' (“Structural Changes Theory”) სახელწოდებით.

ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების დონის მანკიერი მნიშვნელობის დასაშ¬ვებ საზღვრებში მოქცევა განაპირობებს ეკონომიკური საფრთხის თავიდან აცილებას, ხოლო გადაჭარბება ქვეყანაში წარმოქმნის არაორდინარულ სიტუაციას. ზღვრულ სიდიდეებზე მაღალი ფაქტობრივი პარამეტრები დიდი რისკის შემცველია, რომელთა არგათვალისწინებას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს მოცემული ქვეყნისთვის, იწვევს დიდ სოციალურ-ეკონომიკურ დანაკარგებს. ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრული მნიშვნელობებია: მშპ-ის დაცემის დონე _ 30%, უმუშევრობის დონე _ 7%, სამრეწველო წარმოების დაცემის დონე _ 30%, მოსახლეობის რაოდენობა საარსებო მინიმუმის ქვემოთ _ 10%, საგარეო ვალი მშპ-თან _ 25%, ბიუჯეტის დეფიციტი _ 5%, იმპორტის წილი შიდა მოხმარებაში _ 30%, დანახარჯები მეცნიერებაზე მშპ-ში _ 2%, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა _ 70% და ა.შ.

''ჰოლანდიური დაავადების'' (“Dutch Desease”) ფენომენი უკავშირდება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შეუზღუდავ შემოდინებას, გამოწვეულს ბუნებრივი რესურსების ექსპორტის ბუმით. იგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ფინანსური დახმარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძალებამ. ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზღვავების ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი პრივატიზაციაც.

სახელწოდება _ `ჰოლანდიური დაავადება~ ასოცირდება არაგონივრულად განკარგულ ქვეყნის სიმდიდრესთან და ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოჩნდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, როცა ჩრდილოეთის ზღვაში ნიდერლანდის მიერ ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენამ გამოიწვია ქვეყნის საექსპორტო შემოსავლების არნახული ზრდა, ეროვნული ვალუტის _ გულდენის გამყარება და ტრადიციული ექსპორტის კონკურენტუნარიანობის დაცემა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ''ჰოლანდიური დაავადების'' სახელით ცნობილი ეს მოვლენა არაერთი ქვეყნის ''თავის ტკივილი'' გახდა და უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

`ჰოლანდიური დაავადების~ კლასიკური მოდელი 1982 წელს ჩამოაყალიბეს მ. კორდენმა და პ. ნეარვიმ [1, pp. 825-848]. მისი შინაარსი შემდეგია: ბუნებრივი რესურსების ექსპორტის ბუმი არღვევს წონასწორობას ამ სექტორს, ტრადიციულ საექსპორტო სექტორსა და არასაექსპორტო სექტორს (მშენებლობა, საცალო ვაჭ-რობა, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.) შორის. მართალია, თავდაპირველად ბუნებრივი რესურსების ექსპორტი ზრდის უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის შემოსავლებს, მაგრამ მისი გრძელვადიანი ეფექტი საწინააღმდეგოა. საქმე ისაა, რომ შიდა ვალუტის ბაზარზე ბუნებრივი რესურსების ექსპორტიდან მიღებული უცხოური ვალუტა კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში. თუ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ფიქსირებულია, მაშინ კონვერტირების ეს პროცესი მოითხოვს ფულის მიწოდების ზრდას, რაც ადგილობრივი ფასების მომატებას იწვევს, ხოლო მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შიდა სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის წონასწორობის დარღვევა ადგილობრივი ვალუტის გამყარებას გამოიწვევს. ორივე შემთხვევაში გაიზრდება ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე უცხოური ვალუტის ერთეულით გაცილებით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენა შეიძლება, ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. ასეთი ვითარება უკუგავლენას ახდენს ტრადიციული ექსპორტის მომგებიანობაზე, ვინაიდან შიდა ფასების ზრდის გამო გაძვირებული საექსპორტო პროდუქცია ნაკლებკონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო ბაზარზე, რასაც მოჰყვება ტრადიციულ საექსპორტო სექტორში წარმოების მკვეთრი დაცემა, კაპიტალის და სამუშაო ძალის არასაექსპორტო სექტორში გადანაცვლება (რესურსების გადანაცვლების ეფექტი). გარდა იმისა, რომ ამის შედეგად ტრადიციული საექსპორტო სექტორი ზარალდება, თუ ვერ მოხერხდა არასაექსპორტო სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარება და კადრების გადამზადება, გარდუვალია უმუშევრობის ზრდა და მასთან დაკავშირებული კატაკლიზმები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ ზემოთ განხილული გზით ქვეყანაში მიღებული უცხოური ვალუტა იმპორტის ზრდას მოხმარდება, მაშინ ვალუტის ნაკადების შემოდინება პირდაპირ არ აისახება ფულის მიწოდებაზე, თუმცა, იმპორტის ზღვარგადასული ზრდაც გაუმართლებელია.

საქართველოში `ჰოლანდიურმა დაავადებამ~ თავი იჩინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას, მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ''ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, ოღონდ კლასიკური მოდელისაგან განსხვავებით, მის წარმომშობ მიზეზებში წინა პლანზე წამოიწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო დახმარების მოზღვავებამ, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები, ან დროებით იქ დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ ფულადი ტრანსფერების ნაკადებმა და ბოლო დროს საქართველოში უცხოელებზე განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა პრივატიზაციამ.

ბოლო პერიოდში არა მხოლოდ პოსტინდუსტრიულ, არამედ მრავალ ახალინ-დუსტირულ ქვეყანაშიც მეცნიერება განიხილება უმნიშვნელოვანეს ნაციონალურ პრიორიტეტად. ამ ქვეყნებმა ორჯერ გაზარდეს თავიანთი ინოვაციური პოტენციალი და უახლოვდებიან ევროპული ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ჩინეთშიც. ინოვაციუირი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, უდიდეს წარმეტებას მიაღწიეს ევროკავშირის ქვეყნებმა, მაგალითად, ირლანდია ჩამორჩენილი ქვეყნიდან იქცა ინოვაციუირი კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყანად, რაც დაეტყო კიდეც მის განვითარებას.

ინოვაციური პროცესების სტიმულირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვენჩურული დაფინანსების ინსტიტუტიები გახდა. ამჟამად მსოფლიოში, მაღალტექნოლოგიური წარმოების პირველ ათეულში შედიან: ფინეთი, აშშ, შვედეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, ნიდერლანდი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და სინგაპური.

საქართველო ეკონომიკის ინტელექტუალიზაციის დონის მიხედვით, მსოფლიოში ჩამორჩენილი ქვეყნების ჯგუფშია მოქცეული. საქართველოში, რა თქმა უნდა, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, უნდა განვითარდეს აგრარული სექტორი, რომელიც დღეს რთული პრობლემების წინაშეა. ამისათვის კი, პირველ ყოვლისა, აუცილებელია სახელმწიფოს აქტიული მხარდაჭერა, მათ შორის შიდა ბაზრის დაცვა და პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება, სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, შრომითი რესურსების ადგილზე დამაგრება, მწარმოებელთა წახალისება, თევზჭერისა და სატყეო მეურნეობის განვითარება (და არა ტყეების გაჩეხვა და უცხოელებზე გასხვისება), შესაბამისი კადრების მომზადება და ა.შ. ამას თვით ეროვნული ტრადიციები გვკარნახობს. სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს და არა გენერალური სტრატეგია. აგრარულმა სექტორმა უნდა შეძლოს შიდა საწარმოო და სამომხმარებლო მოთხოვნის გარკვრულწილად დაკმაყოფილება. ამას თვით ქვეყნის ერთ-ერთი ეკონომიკური სტრატეგიის _ ტურიზმის განვითარებაც გვკარნახობს, რასაც სავსებით ვეთანხმერბით და რის შესახებაც მსჯელობა არაერთხელ გვქონდა სხვადასხვა პუბლიკაციასა თუ საჯარო გამოსვლაში.

საქართველომ აუცილებელია განსაკურებული ყურადღება მიაქციოს კონკურენტუნარიანობის მოთხოვნებს, შეიგრძნოს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პულსი. კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად XXI საუკუნე მსოფლიოს სთავაზობს ეკონომიკური განვითარების ახალ მოდელს, რომელშიც ''პირველი ვიოლინოს'' როლს ინტელექტუალური კაპიტალი ასრულებს. საქრთველომ აუცილებ¬ლად უნდა შექმნას ახალი ინოვაციური სისტემა, ვინაიდან კონკურენციაში წარმატებას აღწევს ის ვინც ქმნის ბაზარს, ე.ი. ვინც ბაზარს სთავაზობს ინოვაციებს. დღეს მსოფლიოში პოპულარულია შემდეგი მოწოდება: ''დღევანდელი ინოვაციებით მოაძველეთ თქვენი გუშინდელი პროდუქცია''. ეს თეზა მეტად საგულისხმოა ისეთი პატარა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

დღეს საქართველოში ''ინოვაციური სურათი'' არასახარბიელოა. მაღალეფექტიან ინოვაციურ განვითარებას მრავალი ფაქტორი უშლის ხელს, სახელდობრ ა). წარმოების დანახარჯებში, მეცნიერულ კვლევებსა და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების გაუთვალისწინებლობა; ბ). ქვეყნის ინტერესებიდან და განვითარების პერსპექტივებიდან გამომდინარე არ არის შემუშავებული მეცნიერულ-ტექნოლოგიური და საინვესტიციო პოლიტიკა; გ). არ არის განსაზღვრული ინოვაციული პოლიტიკის მიმართულებები და პრიორიტეტები; დ). მოქმედი კანონმდებლობა ვერ არეგულირებს ინოვაციურ საქმიანობას, რასაც მრავალ სხვა ფაქტორთნ ერთად კონკურენციული ბაზრის არარსებობა განაპირობებს; ე). ნაკლები ყურადღება ექცევა ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და ინფორმაციული პოლიტიკის განვითარებას. ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლობა და შესაბამისი ღონისძიებების არგატარება ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების ხარისხი, რომელიც ეკონომიკურ ინდიკატორებში აისახება, წინა პლანზე აყენებს ეკონომიკის სოციალური ორიენტირებულობის ინდიკატორებს.

ეკონომიკის სოციალური ორიენტირებულობის ინდიკატორები აერთიანებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის: სამომხმარებლო კალათის სტრუქტურის ზღვრული ნორმის განსაზღვრა; საარსებო მინიმუმისა და სამომხმარებლო კალათის თანაფარდობა; მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის თანაფარდობა; საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის წილი მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობაში; პენსიებისა და საარსებო მინიმუმის თანაფარდობაში ცივილიზებული გამოცდილების გათვალისწინება; დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წილი მოსახლეობის მთლიან შემოსავლებში; ბუნებრივი კატასტროფებისა და ეკოლოგიური დაბინძურების ზონებში მცხოვრებთა წილი მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობაში; სოციალურ პროგრამებზე გაწეული ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში; ჯინის კოეფიციენტი (შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის ხარისხის აგრეგირებული რაოდენობრივი მაჩვენებელი); მოსახლეობის მაღალშემოსავლიან 10%-სა და დაბალშემოსავლიან 10%-ს შორის დასაშვები თანაფარდობის გარღვევის სიდიდე (შემოსავლების დიფერენციაციის დეცილური კოეფიციენტი); შემოსავლებისა და მოხმარების მკვეთრი დიფერენციაცია; მოხმარების საშუალო ნორმის შემცირების საფუძველზე კვების სტრუქტურის გაუარესება; სიღარიბის ზრდა იმ პირთა აბსოლუტური და შეფარდებითი გადიდებით, რომელთა შემოსავლები საარსებო მინიმუმზე დაბალია. ამ ჯგუფში ასახვას პოვებს აგრეთვე ცხოვრების დონის და ხარისხის ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა: მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების საშუალო წლიური ზრდა, ინფლაციის საშუალო წლიური ნორმა, კალორიის მოხმარება, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა, ენერგიის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, პირადი თავისუფლების დონე და ა.შ.

ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების ზღვრული მნიშვნელობის მიღებისათვის აუცილებელია განისაზღვროს ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრული სიდიდეები რაოდენობრივი პარამეტრებით, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ავლებს ზღვარს უსაფრთხო და საშიშ ზონებს შორის. ეკონომიკური უსაფრთხოების მაღალი დონე მიიღწევა მაშინ, როდესაც ინდიკატორთა მთელი სისტემა თავისი მანკიერი მნიშვნელობის დასაშვები საზღვრების ფარგლებშია.

თუ ამ ინდიკატორების ზღვრულ სიდიდეებზე მაღალია ფაქტობრივი პარამეტრები, მაშინ ქვეყანა იმყოფება საშიშ ზონაში, რომლის გაუთვალისწინებლობას მისთვის მძიმე შედეგები მოაქვს, იწვევს დიდ სოციალურ-ეკონომიკურ დანაკარგებს. სახელმწიფო ვალდებულია არ დაუშვას მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები, რომელთა მულტიპლიკაციური ეფექტი მაღალია და დიდ ზემოქმედებას ახდენს დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ, თავდაცვით, მეცნიერულ-ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ და ა.შ. უსაფრთხოებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების პირველი ნახევრის ნგრევითი პროცესებისგან განსხვავებით, შემდგომ პერიოდში საქართველოში გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა საბაზრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, დღეს მაინც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესი მეტად რთულად და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს. ეკონომიკის რეფორმირებამ დეფორმაციული ხასიათი მიიღო, ჩამოყალიბდა ვირტუალური ეკონომიკა [10].

ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას არ იძლევა ქვეყნის განვითარების დაბალი დონე, გარედან დახმარე¬ბების მიღების გარდუვალობა.

ეკონომიკურ სისტემასთან ერთად შეიცვალა საზოგადოებაც. დარღვეულია თანაცხოვრების ჰარმონია. ეკონომიკურმა რეფორმებმა მოითხოვა არა მარტო ცხოვრების ახალი პირობებისადმი შეგუება, არამედ ეკონომიკური ქცევის შეცვლაც, რისთვისაც მზად არ იყო საქართველო. ეკონომიკის კონვერსიის მოუფიქრებელმა, სხვისი კარნახით განხორციელებამ და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისათვის აუცილებელი ცოდნის მწვავე დეფიციტმა საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება [12]. ეს პრობლემა არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის სატკივარი, იგი გლობალური პრობლემაა და მის ''სუსხს'' განსაკუთრებით სუსტად განვითარებული ქვეყნები გრძნობენ.

საქართველოს, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ეკონომიკურ პოლიტიკაში, კლასიკური ფორმით ეკონომიკური ზრდის არც ერთი მოდელი არ გამოუყენებია. ეკონომიკის განვითარების დონისა და ეროვნული ინტერესების არაადეკვატური იყო ის უცხოური რეკომენდაციები, რომლებიც საფუძვლად დაედო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. საქართველოს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ, ხოლო მისი აღმავლობის საწინდარი გაღატაკებული მკვიდრი მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ამაღლებაშია. ამისათვის კი დროა საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის მესვეურებმა გაითვალისწინონ მსოფლიოში საკმაოდ აპრობირებული გამოცდილება. ''კეინზიანური რევოლუციიდან'' მოყოლებული არ არსებობს დღეს განვითარებული ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდსა და კრიზისულ სიტუაციაში თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში არ გაეთვალისწინებინა ეკონომიკური ზრდის კეინზიანური მოდელი. საქართველოში კი იგი არ იქნა გამოყენებული. მსოფლიოში ვერ დავასახელებთ ქვეყანას, რომელსაც ''ძვირი ფულის'' პოლიტიკით დაეღწია თავი ეკონომიკური კრიზისისგან [7; 8]!

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გავლენით, საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა ვერ ჩამოყალიბდა ისეთ მდგრად ინსტიტუტად, რომელიც გაართმევდა თავს ქვეყანაში კაპიტალის ქრონიკულ უკმარისობას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლაგის ფაქტორი (ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე განვლილი პერიოდი) მოქმედებს, იქნებ ახლა მაინც იყოს შესაძლებელი ''კეინზიანური რევოლუციის'' პოსტულატების ჩართვა ეროვნულ ეკონომიკურ პოლიტიკაში. გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის რეალური შესაძლებლობებიც სწორედ ქრისტიანულ ეთიკაზე, ქრისტიანულ ზნეობრივ მოძღვრებაზე აგებულ ამ ჰუმანურ თეორიაშია [14, 296]. რაც შეეხება მონეტარიზმს, რომელიც, ჩვენი აზრით, შორსაა ქრისტიანული ზნეობრივი მოძღვრებიდან, ლომის წილი მიუძღვის ჯერ მსოფლიო ფინანსური, ხოლო შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წარმოშობაში. ეკონომიკურ პოლიტიკაში გაბატონებულმა ამ მიმართულებამ განიცადა ''ინტელექტუალური კოლაფსი [15; 16] და თვით აშშ-შიც კითხვის ქვეშ დააყენა ულტრალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში საკმაოდ წარმატებული ''ნეოკლასიკური სინთეზის'' ადგილი დაიკავა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ეკონომიკურ პოლიტიკაში საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების იგნორირებამ და, აქედან გამომდინარე, ფისკალური პოლიტიკის როლის დაკნინებამ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგუ-ლატორების შესუსტებამ, წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ და ფულით ფულის კეთებისთვის მწვანე შუქის მიცემამ გზა გაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას და სერიოზული პრობლემები წარმოშვა რეალურ სექტორში. ამას მოჰყვა ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და ერთობლივი მოთხოვნის დაცემა. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მთელი სიგრძე-სიგანით გამოავლინა მონეტარიზმის ''მომხიბვლელობა''. ცივილიზებული სამყარო ისევ კეინზიანური მოდელისკენ შემობრუნდა, რაც აისახა კიდეც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში.

საკუთრების მრავალფორმიანობის მიუხედავად, საქართველოში საკუთრების პლურალიზმი ვერ ჩამოყალიბდა. `ველური~ კაპიტალიზმი სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ განვითარებასთან, ამიტომ ასეთ პირობებში, ამ მხრივ თუ არ მოხდა არსებითიცვლილებები, საქართველო დემოკრატიული ვერასდროს გახდება.

საქართველოში ახლო წარსულში ყველაფერი იყიდებოდა, მათ შორის, ბუნებ¬რივი რესურსებიც, ყოველგვარი სამომავლო შესაძლებლობების თუ უარყოფითი გარე ეფექტების გაუთვალისწინებლად, რასაც არაფერი აქვს საერთო ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან. საქართველოში პრივატიზაცია ქვეყნის ხაზინის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, ინფლაცია კი შთანთქავს მშპ-ის გარკვეულ ნაწილს. იზრდება უმუშევრობა, ღატაკდება მოსახლეობა. ოფიციალურად, უმწეოთა რაოდენობამ (პაუპერებმა) 21,9%-ს მიაღწია. ექსპერტული შეფასებით, მოსახლეობის 50%-მა, მართალია, გადალახა საარსებო მინიმუმის დონე, მაგრამ იმდენად დაბალია საარსებო მინიმუმი, რომ მოსახლეობის ეს რაოდენობა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 173,5 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153,7 ლარია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 191 ლარია.

საქართველოშო მეწარმეობის დიდი ტრადიციები, არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია პრივატიზაციისადმი საკუთარ მიდგომას მოითხოვს. საკუთრების განსახელმწიფოებრიობის პროცესში გასათვალისწინებელია ეროვნული ფასეულობები, ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ინტერესები და ქვეყნის განვითარების თავისებურებები, ბუნებრივია, ევროპის განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაც ''ევროპის... მმართველობა და გამგებლობა ქვეყნისა, ევროპის წესი და რიგი'' (ილია ჭავჭავაძე).

ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემა როგორც მსოფლიო, ისე შიდა ბაზრებზე ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მხარეა, თუმცა, ჯერ კიდევ, არ გადადგმულა პრაქტიკული ნაბიჯები მისი გადაჭრისთვის. საქართველოში მიმდინარე ფსევდორეფორმებმა დასცა სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა წარმოების განვითარებაზე და კიდევ უფრო გააღრმავა ეკონომიკური კრიზისი.

განუვითარებელი ადგილობრივი წარმოება საქართველოში ვერ აკმაყოფილებს საშინაო ბაზრის მოთხოვნებს, ამიტომ მოსახლეობის დამოკიდებულება იმპორტზე დიდია. ერთობლივი მოთხოვნის უდიდესი ნაწილი იმპორტირებული პროდუქცით კმაყოფილდება. არასახარბიელოა ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურაც, რომელშიც ჭარბობს ბუნებრივი რესურსები და ნედლეული. ბევრი ტრადიციული საქონელი, რომლის საწარმოებლად ქვეყენას აქვს გარკვეული აბსოლუტური და შეფარდებითი უპირატესობა, შემოდის უცხოეთიდან.

გარემოს დაცვა სოციალური მნიშვნელობის პრობლემაა და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო რეგულაციის მნიშვნელოვანი სფერო. ბიზნესის განვითარების საფუძველზე გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების სულ უფრო მეტი რაოდენობით წარმოებაში ჩართვის შედეგად იზრდება ექსტერნალიების უარყოფითი გავლენა საზოგადოებრივ განვითარებაზე. იგი პერმანენტული პროცესია, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას. ეს განსაკუთრებით ეხება განვითარებად ქვეყნებს, სადაც კაპიტალის მიწოდების შეზღუდულობა, ახალი ტექნოლოგიების ხელმიუწვდომლობა, მწირი სამეწარმეო გამოცდილება დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განუვითარებლობაში. ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე აიძულებს ამ ქვეყნებს მოახდინონ მოძველებული ტექნოლოგიების იმპორტი, რომელთა გამოყენების გრძელვადიანი შედეგის შესახებ ინფორმაციასაც კი არ ფლობენ. ამიტომ დაბალი საინვესტიციო შესაძლებლობები, ინტენსიური შრომა მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენებას განაპირობებს. ასეთი ტექნოლოგიები ხელს უწყობს ეკოლოგიური კატასტროფების წარმოქმნას და გარემოს დაბინძურებას.

საქართველოში გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რესურს- და ენერგოტევადი მოძველებული ტექნოლოგიებია. სიტუაციას ამძიმებს ეკოლოგიურად საშიში საქონლის იმპორტი, მათ შორის, ეკოლოგიური საფრთხის გამოვლენის ერთ-ერთ ფორმად არ შეიძლება არ დავასახელოთ ჯანმრთელობისთვის საშიში კვების პროდუქტები, რაც სასურსათო უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. ამასთან, დემპინგური ფასებით სურსათის იმპორტი არყევს ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობას და აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, სადაც ამჟამად მშპ-ის მხოლოდ 8% იქმნება.

აუცილებელია დასაშვებ ნორმაში მოექცეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ისეთი მომწამვლელი გაზებით, როგორიცაა ნახშირორჟანგის, აზოტისა და გოგირდის ორჟანგის გამონაბოლქვები, წარმოებული მყარი მავნე ნარჩენები, სამრეწველო და სა¬ყოფაცხოვრებო ნარჩენები და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაბინძურებისაგან წყლის რესურსების დაცვას, ავტომანქანების ტექნიკური გაუმართაობის აღკვეთას. ავტომანქანების გამონაბოლქვი აირების, კონცეროგენული ფისოვანი ნივთიერებების, აზოტის ორჟანგის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც თბილისში 20-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ძალზე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ბენზინის შემადგენლობაში ტყვიის წილის 60-68%-ია, ხოლო თბილისში 70%-ს აღემატება.   

ამრიგად, ეკოლოგიური რეგულირება და, აქედან გამომდინარე, ეკოლოგიური ნორმა ზღვრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქვეყნის სოციალური ორიენტაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოში, დღეს ეკოლოგიური წონასწორობა ისეა დარღვეული, რომ თუ სამეურნეო განვითარების თანამედროვე ტენდენციები არ შეიცვალა, მოსალოდნელია ეკოლოგიური კატასტროფები.  

გამოყენებული ლიტერატურა

1. Corden Max W., Nearvy Peter J. Booming Sector and Deindustrialization in a Small open Economy. “The Economic Journal”. Vol. 92, 1982.

2. Эрхард Л. Благосостояние для всех. Перевод с английского, М., 1991.

3. Белл Д. Грядущее постиндустриальное общество. Опыт социального прогнозирования. Перевод с английского. М., «აცადემია», 1999.

4. აბესაძე რ. ეკონომიკური განვითარების თეორია. თბილისი, `თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა~, 2016.

5. ასათიანი რ. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გამოყენების პერსპექტივები. ''ეკონომიკური რეფორმა და საქართველოს მომავალი''. რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 7-8 მაისი, 1999.

6. ასათიანი რ. საკურორტო-ტურისტული ბიზნესის მულტიპლიკაციური ეფექტი საქართველოში. ''ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის მართვა''. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. თბილისი, 15 აპრილი, 2011.

7. ასათიანი რ. ''ძვირი ფულის'' პოლიტიკა ძვირად დაგვიჯდა. გაზეთი ''საქართველოს რესპუბლიკა'', 7 ივლისი, 2000.

8. ასათიანი რ. მცდარი მონეტარისტული პოსტულატები და საქართველო ილუზიების ტყვეობაში. ''შრომები''. IV ტომი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა ''სიახლე'', 2004.

9. ასათიანი რ. საით მიდის საქართველო? სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური ანალიზი. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, 2014.

10. პაპავა ლ. არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი, 2011.

11. ასათიანი რ. თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია. თბილისი, გამომცემლობა ''სიახლე'', 2014.

12. ასათიანი რ. ეკონომიკური რეფორმები საქართველოში: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. ''მაკრო მიკრო ეკონომიკა'', #8, 2000.

13. Asatiani R. Globalization and Economic Theory. “The Caucasus & Globalization”. Vol. 2 (1), Sweden, 2008.

14. საქართველოს ეკონომიკა. მთავარი რედაქტორი როზეტა ასათიანი. თბილისი, გამომცემლობა ''სიახლე'', 2012.

15. Krugman P. The Return of Depress on Economics and the Crisis of 2008. New-York, “Norton & company”, 2008.

16. Кеинс Дж. М. Общая теория занятости, процента и денег, Перевод с английского, М., «Прогресс», 1978.

17. ასათიანი რ. ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია _ ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ''სოციალური ეკონომიკა'', #3, 2012.

18. ასათიანი რ. ეკონომიკური უსაფრთხოება და საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა. „მდგრადი განვითარების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციები“. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების კრებული. ტ. X. თბილისი, 2017.

19. ასათიანი რ. ეკონომიკური უსაფრთხოება სახელმწიფო რეგულირების სისტემაში. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები: ''ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში''. 1 ივლისი, 2016.

20. კრუგმანი პ. როგორ მოახერხეს ეკონომისტებმა ყველაფრის არასწორად გაგება. თარგმანი ინგლისურიდან. ''საქართველოს ეკონომიკა'', #10, 2009.

21. Колодко Г. Глобализация и сближение уровней экономического развития: от спада к росту в странах с переходной экономикой. “Вопросы экономики”, №10, 2000.

22. ასათიანი რ. XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი. თბილისი, გამომცემლობა ''სიახლე'', 2015.

23. R. Asatiani. Caucasus and Georgian Economy: Past, Present, Prospects. “The Caucasus Region: Economic and Political Developments”. New York, Nova Science Publishers, Inc., 2011.

24. Асатиани Р. Теории конкуренции и новые перспективы стран ориентированных на конкурентоспособность. жур. «Кавказ и глобализация», Са&СС Рress, Швеция, 2015.

25. ასათიანი რ. კონკურენციის თეორიები და ახალი ინოვაციური სისტემა. ჟურნალი ''ახალი ეკონომისტი'', #2, 2016.



[1] ამჟამად დასავლეთში ტერმინი _ გარემოს დაცვა რაციონალური ბუნებათსარგებლობის ტერმინით შეიცვალა.

[2]''სიღარიბის კულტურის ჰიპოთეზა''გამოხატავს ფუნქციონალურ დამოკიდებულებას სიღარიბესა და მის განმაპირობებელ ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა პიროვნების შეზღუდული, სუსტი ინდივიდუალური შესაძლებლობები, განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე, მუშაკთა ცუდი შრომითი ჩვევები, უნარები და ა.შ. შრომითი უნარების ხარისხს სპეციალისტები უკავშირებენ მეორეული შრომის ბაზრის პირობებს, სადაც, პირველადი შრომის ბაზრისაგან განსხვავებით, არსებული ცუდი პირობები უარყოფითად აისახება მუშაკთა კვალიფიკაციაზე და მათში ცუდ შრომით უნარებს აყალიბებს, საბოლოო ანგარიშით კი, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.